ექსკურსია სამშვილდეში

 ექსკურსია სამშვილდეში

 გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ისტორიული ქალაქი სამშვილდე მოინახულეს, ის ადგილები ნახეს, რომლის შესახებაც ნიკო კეცხოველი თავის წიგნში ,,ცხრათვალა მზის ქვეშ" წერს: ,,ორ უზარმაზარ, ტოტებგაშლილ აკაკის ძირში საფლავის ქვა – გამოქანდაკებული, შეკაზმული ცხენი იდო. ზედ ამოეკვეთათ ვაჟკაცი და ქართველი ვაჟკაცისათვის დამახასიათებელი სამუშაო და საომარი იარაღი: თოფი, ხმალი, ხანჯალი, მწყემსის კომბალი; ჭურჭელი: ყანწი, კულა, საღვინე და სხვ. ასეთი საფლავის ქვები ტიპური ყოფილა სამხრეთ საქართველოსთვის. სამშვილდელების ბაღ-ბოსტანს ყორეები არტყია გარშემო, წინათ კი, XIVXV საუკუნემდე, სანამ ამ ქალაქს დაანგრევდნენ, მთელი სამშვილდეს სახლის კედლები ქვით იყო ნაშენი. ყორეებზე ვეებერთელა აკაკის ხეები იზრდებოდა, ფესვებს ჩაებღუჯათ, ზღაპრული ურჩხულებივით ჩაეხვიათ უზარმაზარი ლოდები. მალე ღია ადგილას გავიდნენ. მთავარი ტაძრის კათედრალს მხოლოდ ერთი კედელიღა შერჩენოდა, ზედ რამდენიმე შავჯაგას ბუჩქს მოეკალათებინა. ამ კედლის ხაზები ისეთი ნარნარი და ნატიფი იყო, რომ კაცი წარმოიდგენდა, რა დიდებული კათედრალი იდგა ქალაქ სამშვილდეს შუაგულში. ფორი, როგორც ჩანს, ნათალი ქვისა ეგო, მისი საკმაოდ დიდი ფრაგმენტები მრავალ ადგილას ჩანდა. ფორის გადაღმა სახლის ნანგრევებია, იქვე ძველი აბანო. სამშვილდე ჯერ დავით აღმაშენებელმა გაანთავისუფლა არაბთაგან, გიორგი მესამემ და თამარმა დაამშვენა, გააბრწყინა, შემდეგ „მოისრა გამოსვლასა ბერქასა და მონგოლთა“.

 ეკოკლუბის წევრებს სამშვილდეში გიდობა გაუწია ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერმა ლუსო დოსტიბეგიანმა, რომელმაც მოსწავლეებს სამშვილდის ბუნებრივ რესურსებსა და მნიშვნელობაზეც ესაუბრა.








No comments:

Post a Comment